რეკლამა ინსტაგრამზე

რეკლამა ინსტაგრამზე

რეკლამა ინსტაგრამზერეკლამა ინსტაგრამზე სულ უფრო პოპულარული მიმართულება ხდება ქართული ბიზნესისთვის.

ამიტომაც, ინსტაგრამი ბევრი კომპანიის სოციალური მედიის მარკეტინგის სტრატეგიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

ზოგიერთი ბიზნესისთვის ეს ყველაზე ეფექტური და საინტერესო პლატფორმაა თავისი პროდუქტის ან სერვისის დასარეკლამებლად.

ამ სტატიაში ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ინსტაგრამ-რეკლამის ტიპებს, მათი შექმნისა და გაშვების პროცესს.

რა არის ინსტაგრამ-რეკლამა?

ინსტაგრამ-რეკლამა გვეხმარება მეტ ადამიანს ვანახოთ ჩვენი კონტენტი. დარეკლამებულ პოსტს/ვიდეოს/სთორის ხშირად აწერია „sponsored”, რითაც მომხმარებელი ხვდება, რომ რეკლამასთან აქვს საქმე.

დარეკლამებულ პოსტებს ძირითადად ერთი ფოტოს, სლაიდშოუს, ვიდეოს ან ე.წ. კარუსელის ფორმა აქვთ. ზოგჯერ, ასეთ პოსტებს თან ახლავს დამატებითი ღილაკი „shop now” ან “learn more” რომლის საშუალებითაც მომხმარებელი გადადის თქვენს გვერდზე ან ონლაინ-მაღაზიაში. ეს დამოკიდებულია რეკლამის მიზანზე – რისი მიღება გინდათ ამ პოსტისგან, მეტი გაყიდვა თუ მეტი ვიზიტორი.

ინსტაგრამ-რეკლამის ტიპები

ინსტაგრამს ბევრი სხვადასხვა ტიპის რეკლამა აქვს. მათგან ყველაზე საინტერესოა:

  • Stories Ads – სთორის რეკლამა
  • Explore Ads – რეკლამა, რომელიც ინსტაგრამის “explore” განყოფილებაში გვხვდება
  • Collection Ads – კოლექცია არის ერთგვარი ონლაინ-კატალოგი, სადაც შეგიძლიათ რაიმე თემის მიხედვით გააერთიანოთ პროდუქტი, შემდეგ კი დაარეკლამოთ.
  • Shopping Ads – რეკლამა, რომელიც კონკრეტული პროდუქტის გაყიდვაზეა ორიენტირებული.

განვიხილოთ თითოეული ტიპი დეტალურად.

Stories ads

სთორის რეკლამა გვხვდება მაშინ, როდესაც ჩვენი გამოწერილი გვერდების სთორებს ვათვალიერებთ. ის ჩვენი მობილურის მთელ ეკრანს იკავებს. კომპანიებს, რომლებსაც 10 000+ გამომწერი ჰყავთ შეუძლიათ ე.წ. “swipe up” ღილაკი დაამატონ რეკლამას, რომელიც მომხმარებელს სასურველ ბმულზე გადაიყვანს.

სთორის რეკლამაზე შესაძლებელია სხვადასხვა სტიკერების, ეფექტებისა და ფილტრების გამოყენება, რაც აუდიტორიის ყურადღების მიპყრობაში დაგეხმარებათ.

Explore ads

ინსტაგრამს აქვს განყოფილება “explore” სადაც ადამიანებს შეუძლიათ აღმოაჩინონ კონტენტი, რომელიც მათ ინტერესებს შეესაბამება. ინსტაგრამ რეკლამას აქ მხოლოდ მას შემდეგ ნახავს თქვენი აუდიტორია, როდესაც შემოთავაზებული ვიდეო/ფოტოებიდან რომელიმეს გახსნის სანახავად.

Collection ads

ინსტაგრამ-კოლექციის რეკლამა მომხმარებელს თქვენი პროდუქტის ნახვისა და შეძენის საშუალებას აძლევს. კოლექცია პროდუქტების ფოტოებისა და ვიდეოების ნაკრებისგან შედგება.

Shopping ads

თუ უკვე გაქვთ ინსტაგრამ-მაღაზია, ამ რეკლამის გაკეთება საკმაოდ მოსახერხებელია. აუდიტორია კი საკმაოდ მარტივად შეძლებს მეტი ინფორმაცია მიიღოს თქვენს პროდუქტზე და სურვილის შემთხვევაში შეიძინოს ის.

ინსტაგრამ-რეკლამის უპირატესობები

აპლიკაციას ყოველდღიურად 500 მილიონი ადამიანი სტუმრობს, შესაბამისად, ინსტაგრამ-რეკლამის შესაძლებლობები უსაზღვროა. იზრდება მომხმარებლის ჩართულობის მაჩვენებელიც – თუ გსურთ თქვენი აუდიტორიის აზრი გაიგოთ რაიმე საკითხზე, ეს პლატფორმა აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

მოსახერხებელია ისიც, რომ ინსტაგრამ-რეკლამის შექმნა ფეისბუქის ედს მენეჯერიდანაც შეგიძლიათ.

როგორ შევქმნათ ინსტაგრამ რეკლამა?

ინსტაგრამზე რეკლამის გაშვების ორი გზა არსებობს – პირდაპირ აპლიკაციიდან და ფეისბუქის ედს მენეჯერიდან.

ყველაზე მარტივია დაარეკლამოთ უკვე შექმნილი პოსტი, რომელმაც ყველაზე მეტი ჩართულობა გამოიწვია თქვენი გამომწერებისგან. აირჩიეთ პოსტი და დააჭირეთ ღილაკს „promote”. თუ ბიზნეს-პროფილი გაქვთ, ეს ღილაკი ხელმისაწვდომი იქნება.

ფეისბუქის ედს მენეჯერის გამოყენებისთვის აუცილებელია ფეისბუქ და ინსტაგრამ ანგარიშების დაკავშირება.

ინსტაგრამ-რეკლამა ფეისბუქის ედს მენეჯერის გამოყენებით

რეკლამის მიზანი

გახსენით ედს მენეჯერი და დააჭირეთ ღილაკს “create”. ფეისბუქი საშუალებას მოგცემთ აირჩიოთ კონკრეტული მიზანი რეკლამისთვის. სწორი არჩევანის გაკეთება უმნიშვნელოვანესია, რომ ტყუილად არ გაფლანგოთ დრო და ფინანსური რესურსები. შეგიძლიათ აირჩიოთ ბრენდის ცნობადობის, გაყიდვების, ან ტრეფიკის გაზრდაზე მიმართული რეკლამები.

აქვე უნდა გადაწყვიტოთ სად გადამისამართდებიან ადამიანები, რომლებიც რეკლამით დაინტერესდებიან: ვებ-გვერდზე, აპლიკაციაში, მესენჯერში თუ სხვაგან.

სარეკლამო კამპანიის სახელი

სასურველია რაიმე დეტალით განასხვაოთ თქვენი კამპანიები ერთმანეთისგან. ეს შეიძლება იყოს აუდიტორიის შესახებ ინფორმაცია, თარიღი, რეკლამის ტიპი და ა.შ.

ბიუჯეტი და განრიგი

ამ ნაწილში უნდა გადაწყვიტოთ რამდენს დახარჯავთ კამპანიაზე და რამდენი ხნით გაუშვებთ მას.

შეგიძლიათ რეკლამა გაუშვათ კონკრეტულ დღეებში (მაგალითად შაბათ-კვირას) ან მუდმივად.

მიზნობრივი აუდიტორია

დემოგრაფიული მონაცემებისა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გარდა, აუდიტორიის განსაზღვრა მათი ინტერესებისა და ქცევების მიხედვითაც შეგიძლიათ.

შეგიძლიათ მიმართოთ რეკლამა სპეციფიკურ ადამიანებზეც, მაგალითად მათზე, ვინც თქვენს ვებ-გვერდს ესტუმრა.

რეკლამის განთავსება

ფეისბუქ ედს მენეჯერი ორ ვარიანტს გვთავაზობს რეკლამის განსათავსებლად – ავტომატურსა და თქვენს მიერ შერჩეულს. თუ გსურთ მხოლოდ ინსტაგრამზე გამოჩნდეს რეკლამა, გათიშეთ ავტომატური შერჩევა და მონიშნეთ მხოლოდ ინსტაგრამთან დაკავშირებული ვარიანტები.

რეკლამის შექმნა

ბოლო ნაბიჯი ყველაზე შემოქმედებითია – აქ უნდა აირჩიოთ კონტენტი, რომელსაც მომხმარებელი ნახავს. შეგიძლიათ გააკეთოთ რეკლამა ერთი ფოტო/ვიდეოთი, კარუსელი, ან კოლექცია.

თუ თქვენს მიერ არჩეული სარეკლამო მიზანი ამის საშუალებას გაძლევთ, შეგიძლიათ დამატებითი ღილაკიც გამოაჩინოთ რეკლამაზე, რომელიც მომხმარებელს ვებ-გვერდზე, აპლიკაციაში ან სხვა მიმართულებით გადაამისამართებს.

გამოქვეყნება და ანალიზი

რეკლამის გამოქვეყნებით თქვენი საქმე არ სრულდება. აუცილებელია თვალი ადევნოთ რეკლამის შედეგებს და შესაბამისად მიიღოთ შემდგომი გადაწყვეტილებები.