სატელევიზიო რეკლამა – რა გავითვალისწინოთ?

სატელევიზიო რეკლამა - რა გავითვალისწინოთ?

სატელევიზიო რეკლამასატელევიზიო რეკლამა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ძვირადღირებული მარკეტინგული ინსტრუმენტია.

მიუხედავად ამისა, ამ ინვესტიციამ შეიძლება ყოველთვის არ გაამართლოს, თუ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს არ გაითვალისწინებთ.

პრაიმტაიმში გადახდილი სოლიდური თანხაც კი ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ რეკლამას საჭირო რაოდენობის ადამიანი ნახავს.

ჩვენს რეალობაში რეკლამისთვის საკმაოდ რთულია მაყურებლის ყურადღების შენარჩუნება, როდესაც მას კონკურენციას სმარტფონები, პლანშეტები და სხვა საშუალებები უწევენ. საფრთხეს წარმოადგენს გადახვევის ფუნქციაც.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უკვე აღარაა საკმარისი სწორი დროის შერჩევა – თქვენი სატელევიზიო რეკლამა განსხვავებული და საინტერესო უნდა იყოს.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ამ პროცესში დაგეხმარებათ.

დიდი იდეა

სატელევიზიო რეკლამა ძვირია. თუ გადაწყვიტეთ, თქვენი ბიუჯეტის დიდი ნაწილი ამ მარკეტინგულ ინსტრუმენტს დაუთმოთ, დიდი იდეა გჭირდებათ, რომელიც მაყურებელს აიძულებს გადადოს მობილური ტელეფონი და თქვენს რეკლამას შეხედოს, იდეალურ შემთხვევაში კი, მასზე ილაპარაკოს.

კარგი სცენარი

დიდი იდეის სცენარად გარდაქმნა არც თუ ისე მარტივი საქმეა.

შეისწავლეთ კონკურენტები, მათი რეკლამები, მთავარი ფოკუსი და მიმართულება – ეს დაგეხმარებათ უკეთ წარმოაჩინოთ თქვენი უპირატესობები.

გაითვალისწინეთ, რომ დროში ძალიან შეზღუდული ხართ. მოერიდეთ გრძელ წინადადებებს, თქვენი სათქმელი უნდა იყოს მოკლე, მარტივი და ინფორმაციული.

სწორად შერჩეული გუნდი

ზოგიერთ ძალიან წარმატებულ რეკლამაში არცერთი ადამიანი არ მონაწილეობს, თუმცა, ზოგადად, მაყურებელს მოსწონს როდესაც თავის მსგავსს ხედავს რეკლამაში.

ჩართეთ ვიდეო-რგოლში ადამიანები, ვინც თქვენს სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანთა გუნდი კამერის მეორე მხარეს.

მიანდეთ რეკლამის დამზადება პროფესიონალებს, რომლებსაც 

უკვე აქვთ შესაბამისი გამოცდილება სცენარის მომზადების, გადაღების, 

დამონტაჟების მიმართულებით.

ყველა კადრი მნიშვნელოვანია

ყურადღებით დაგეგმეთ ყველა კადრი. შეიძლება თქვენი კომპანიის ასორტიმენტი ძალიან მდიდარი იყოს, მაგრამ ადამიანებს დრო სჭირდებათ რეკლამის აღსაქმელად.

30 წამიან, ან თუნდაც 1 წუთიან რეკლამაში მხოლოდ რამდენიმე პროდუქტის წარმოჩენაა შესაძლებელი.

მაგალითად, თუ თქვენ ავეჯის მაღაზიის რეკლამას აკეთებთ და გინდათ ხაზი გაუსვათ არჩევანის მრავალფეროვნებას, შეგიძლიათ შორი ხედით აჩვენოთ შოურუმი, ახლო ხედით კი მხოლოდ რამდენიმე პროდუქტი.

აუდიო და ვიდეო მასალა ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს

იმისათვის, რომ თქვენი სათქმელი მაყურებლამდე მივიდეს, აუცილებელია მას ესმოდეს ის, რასაც ხედავს. მაგალითად, თუ რეკლამაში საუბრობთ მანქანის ერთ მოდელზე, ამ დროს კი კადრში მეორე ჩანს, მაყურებელი იბნევა და თქვენი მესიჯის ერთიანობა იკარგება.

ჩაეტიეთ დროში

რაც არ უნდა დიდი იყოს ცდუნება, ნაყიდ დროს გადააჭარბოთ და რამდენიმე წამით ხანგრძლივი რეკლამა მიაწოდოთ ტელევიზიას, იცოდეთ, რომ ამით მხოლოდ თქვენ დაზარალდებით.

ეთერში დაუსრულებელი რეკლამის გასვლა უარყოფითად იმოქმედებს თქვენს რეპუტაციაზე.

ყოველთვის ეცადეთ მოიზიდოთ მომხმარებლის ჩართულობა (call to action)

„პეპსის“ და „ნაიკს“ შეუძლიათ მილიონობით დოლარი გადაიხადონ რეკლამაში, რომელიც უბრალოდ პროდუქტს წარმოაჩენს.

დიდი ალბათობით, თქვენს კომპანიას ჯერ ამის ფუფუნება არ აქვს.

ამიტომ, თქვენი მიზანი მაყურებლის მხრიდან ჩართულობის მოზიდვა უნდა იყოს.

მიეცით პოტენციურ მომხმარებელს მიმართულება – რა უნდა გააკეთონ რეკლამის ნახვის შემდეგ?

ამ მოწოდებას რეკლამის ბოლო ნაწილი უნდა დაეთმოს.

დაგეგმეთ რეკლამის გაშვების დრო და სიხშირე სტრატეგიულად

ეს ფაქტორი განსაზღვრავს იმას, თუ რა თანხას გადაიხდით რეკლამაში და ვინ ნახავს მას.

როგორც წესი, ტელევიზიებს დეტალური ინფორმაცია აქვთ იმის შესახებ, თუ რომელ პროგრამას რა დემოგრაფიული მონაცემების ადამიანები უყურებენ.

გაეცანით ამ ინფორმაციას გადაწყვეტილების მიღებამდე.

მსგავსი სტატიები:

რეკლამა იუთუბზე – Youtube-ის გვერდის მართვა

საიტების დამზადება wordpress-ზე