პინტერესტი ბიზნესისთვის: 8 სტრატეგია

პინტერესტი ბიზნესისთვის: 8 სტრატეგია

პინტერესტი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სოციალური ქსელი. ესაა ვიზუალური საძიებო სისტემა და საორგანიზაციო ინსტრუმენტი. ამ სტატიიდან თქვენ გაიგებთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ის თქვენი ბიზნესისთვის.

თუ თქვენი კომპანია ჯერ არაა პინტერესტზე, დროა დაფიქრდეთ. სხვა სოციალური ქსელების მსგავსად, აქ ადამიანები ერთმანეთთან, ბრენდებთან და სხვადასხვა ინფლუენსერებთან ურთიერთობენ. ამასთან ერთად, ესაა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს „დავგეგმოთ ჩვენი ოცნებები“.

„პინერები“, ანუ პინტერესტის მომხმარებლები აპლიკაციას ისე იყენებენ, როგორც შთაგონების წყაროს. ისინი გეგმავენ მომდევნო მოგზაურობას, შოპინგს, რემონტს, ქორწილს, დღესასწაულებს, წვეულებებს და ა.შ.  ამიტომ, ისინი არამხოლოდ ათვალიერებენ კონტენტს, არამედ იყენებენ კიდეც მას.

რატომ უნდა გამოიყენოთ პინტერესტი ბიზნესისთვის?

  • პინტერესტი მეოთხე ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმაა ამერიკაში. ის უსწრებს ტვიტერს, ლინკდინს, ვოთსაპსა და სნაპჩატს. შეერთებული შტატების ზრდასრული მოსახლეობის 28%-ს აქტიური პინტერესტ-ანგარიში აქვს. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავია მსოფლიო მასშტაბით – პინტერესტს 322 მილიონი ადამიანი სტუმრობს ყოველთვიურად.
  • პინტერესტი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ვიზუალური საძიებო სისტემაა. მას უკვე შეუძლია 2.5 მილიარდი ინტერიერსა და მოდასთან დაკავშირებული ობიექტის ამოცნობა.
  • პინტერესტს ყველაზე აქტიურად ქალები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა დედები იყენებენ. ისინი აქ არჩევენ რეცეპტებს, ტანსაცმელს, სათამაშოებს თავიანთი პატარებისთვის, ასევე გეგმავენ სხვადასხვა თამაშებსა და აქტივობებს ოჯახებისთვის.
  • ეს პლატფორმა შოპინგისთვის გამოიყენება. პინტერესტის მომხმარებელთა 84% პინტერესტს იმისთვის იყენებს, რომ გადაწყვიტოს რომელი პროდუქტი იყიდოს. 83% კი ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება სწორედ პინტერესტის დახმარებით მიიღო.
  • პინტერესტი ბრენდის ცნობადობის გაზრდის კარგი საშუალებაა.  „პინერებს“ მოსწონთ ახალი პროდუქტებისა და ბრენდების აღმოჩენა. მომხმარებელთა 75%-ს ახალი პროდუქტების მიმართ „ძლიერი ინტერესი“ აქვს, 77% კი ამბობს, რომ რეგულარულად ეძებს ახალ ბრენდებს პლატფორმაზე.
  • პინტერესტი, როგორც შთაგონების წყარო. ისიც შეიძლება ითქვას, რომ შთაგონების პოვნა პლატფორმის მთავარი დანიშნულებაა. შესაბამისად, თქვენს ბრენდს შეუძლია იყოს მეტი, ვიდრე რიგითი კომპანია მომხმარებლის ცხოვრებაში. თქვენ შეგიძლიათ იყოთ მათი მომდევნო დღესასწაულის, ცხოვრებისეული ცვლილების ან მოგზაურობის მთავარი ინსპირაცია.

პინტერესტი ბიზნესისთვის: მნიშვნელოვანი ტერმინები, რომლებიც უნდა იცოდეთ

ისევე როგორც სხვა სოციალურ ქსელებს, პინტერესტსაც აქვს თავისი „ენა“. იმისათვის, რომ ეფექტურად გამოიყენოთ ის თქვენი კომპანიისთვის, რამდენიმე ტერმინი აუცილებლად უნდა იცოდეთ.

Pinner – პინერი

ლინკდინს წევრები ჰყავს, ინსტაგრამს – გრამერები, პინტერესტს კი პინერი. ასე მოიხსენიებენ ამ პლატფორმის მომხმარებლებს.

Pins – პინი

პინი იგივეა, რაც პოსტი ფეისბუქისთვის ან ინსტაგრამისთვის. პინი მოიცავს ფოტოს ან ვიდეოს, ტექსტს და ზოგ შემთხვევაში ბმულს, რომელიც ორიგინალ წყაროსთან გაკავშირებთ.

RePins – რეპინი

ესაა მოქმედება, როდესაც მომხმარებელი თავის ბორდზე (დაფაზე) ამატებს პინს, რომელიც თვითონ არ შეუქმნია.

Promoted Pins – დარეკლამებული პინი

ესაა პინი, რომლის დარეკლამებაშიც კომპანიამ ფული გადაიხადა. ისინი ჩნდებიან მთავარ გვერდზეც და საძიებო სისტემაშიც. მათ თან ახლავთ „promoted” აღნიშვნა. პინტერესტზე შესაძლებელია ვიდეოების, კარუსელის ტიპის პინებისა და აპლიკაციების დარეკლამებაც.

Rich Pins – მდიდარი პინი

მდიდარი პინი დამატებით ინფორმაციას გვაძლევს პინის კონტენტთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს ფასი, გადმოსაწერი ბმული და ა.შ. არსებობს 4 სხვადასხვა ფორმატის მდიდარი პინი: პროდუქტის პინი, რეცეპტის პინი, სტატიის პინი და აპლიკაციის პინი.

Shop the Look Pins – შოპინგ-პინი

თუ პინზე ის პროდუქტია გამოსახული, რომელსაც ყიდით, შეგიძლიათ დაურთოთ ღილაკი, რომლითაც მომხმარებელი მას შეიძენს.

Boards – დაფა/ბორდი

ციფრული დაფა, რომელიც ერთი თემატიკის პინებს აერთიანებს. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დაფა ახალი პროდუქტის გასაშვებად ან სეზონური კონტენტისთვის შექმნათ.

Group Boards – ჯგუფური დაფა/ბორდი

ეს იგივეა, რაც დაფა/ბორდი, თუმცა მასზე წვდომა ერთზე მეტ ადამიანს აქვს. ჯგუფური დაფების უმეტესობას (98%-ს) ხუთზე ნაკლები წევრი ჰყავს.

Secret Boards – საიდუმლო დაფა/ბორდი

საიდუმლო დაფა/ბორდი მხოლოდ მისი წევრებისთვისაა ხილული. საიდუმლო დაფის გვერდით ბოქლომის სიმბოლო ჩანს. ეს სასარგებლო ინსტრუმენტია ისეთი პროექტებისთვის, რომლის შესახებაც ჯერ ფართო საზოგადოებამ არ უნდა გაიგოს.

Protected Boards – დაცული დაფა/ბორდი

დაცული დაფები დარეკლამებულ პინებს აერთიანებენ. ეს დაფები პლატფორმაზე არსებობს, თუმცა მათი ნახვა მხოლოდ დამრეკლამებელს შეუძლია. თქვენს გვერდზე დაცული დაფა/ბორდი არ გამოჩნდება.

Save Button – შენახვის ღილაკი

შენახვის ღილაკი პინტერესტის ფლაგინია, რომლის დაყენებაც Chrome, Firefox, ან Microsoft Edge-ის მომხმარებლებს შეუძლიათ. დაამატეთ ეს პლაგინი თქვენს ვებ-გვერდზე თუ გსურთ რომ პინერებმა პროდუქტი თავიანთ დაფებზე დაამატონ.

Audience Insights – ინფორმაცია აუდიტორიის შესახებ

ამ განყოფილებაში ბიზნეს-ანგარიშებს შეუძლიათ ნახონ თავიანთი აქტივობების ანალიზი.

Pinterest Lens – პინტერესტის ლინზა

ეს ფუნქცია ანდროიდისა და ეპლის მოწყობილობებზე მუშაობს. ფაქტობრივად, ესაა ვიზუალური Shazam – თქვენ შეგიძლიათ რაიმე პროდუქტს გადაუღოთ ფოტო და მისი მსგავსი სურათები იპოვოთ პინტერესტზე.  

Pincodes – პინკოდები

პინკოდი იგივეა, რაც QR კოდი. მომხმარებელს შეუძლია დაასკანეროს პინკოდი და გადავიდეს თქვენს პროფილზე ან ბორდზე/დაფაზე.

როგორ შევქმნათ ბიზნეს-ანგარიში პინტერესტზე

პინტერესტზე ბიზნეს-ანგარიშის შექმნის სამი გზა არსებობს. თქვენ შეგიძლიათ ბიზნეს-პროფილი დაამატოთ თქვენს პერსონალურ პროფილს, გადააკეთოთ პერსონალური პროფილი ბიზნეს-პროფილად ან შექმნათ ახალი ბიზნეს-ანგარიში. ამ სტატიაში ჩვენ მხოლოდ მესამე გზას განვიხილავთ, რადგან სამივე ვარიანტი საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს.

  1. გადადით ბმულზე: pinterest.com/business/create

თუ უკვე გაქვთ პირადი ანგარიში, გამოდით პროფილიდან. შეიყვანეთ ახალი მეილი და პაროლი და დააჭირეთ ღილაკს Create Account.

  • ენისა და ადგილმდებარეობის არჩევის შემდეგ, დაამატეთ თქვენი ბიზნესის სახელი.

შემდეგ, აარჩიეთ აღწერა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება თქვენს კომპანიას. დაამატეთ საიტის ბმული.

  • დააკავშირეთ ინსტაგრამი, იუთუბი და/ან ეტსის ანგარიშები.

ეს იმისთვისაა საჭირო, რომ პინები სხვა პლატფორმებიდან არ დაიკარგოს. ასევე, ეს ინფორმაცია აისახება ანალიტიკაში.

  • მიიღეთ გადაწყვეტილება რეკლამების შესახებ.

პინტერესტმა უნდა იცოდეს, აპირებთ თუ არა დარეკლამებას. მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია, რომ საჭიროების შემთხვევაში პლატფორმიდან დაგიკავშირდნენ.

  • შეავსეთ პროფილი.

ამისათვის, დააჭირეთ ფანქრის გამოსახულებიან ღილაკს თქვენს სახელთან. სახელი ავტომატურად იწერება თქვენი მეილის მიხედვით, ამიტომ, შეიძლება მისი შეცვლა იყოს საჭირო.

დაამატეთ პროფილის ფოტო განზომილებით 165 x 165 პიქსელი. როდესაც ავსებთ „ჩვენ შესახებ“ გრაფას, ეცადეთ რამდენიმე საკვანძო სიტყვა (ქივორდი) გამოიყენოთ. დააჭირეთ ღილაკს Done.

  • დააჭირეთ ღილაკს Claim მარცხენა მხარეს, რომ დააკავშიროთ თქვენი საიტი.

ეს მოგცემთ წვდომას ანალიტიკაზე. ასევე, პინებთან, რომლებიც ბმულით თქვენს პროფილს უკავშირდებიან, თქვენი ფოტო და „follow” ღილაკი გამოჩნდება. ეს მეტ ხილვადობას, პოტენციურად კი მეტ მიმდევარს ნიშნავს.

  • შექმენით პინტერესტის დაფა/ბორდი.

თქვენი პროფილიდან, დააჭირეთ „+“ გამოსახულებიან ღილაკს. დაამატეთ სათაური და მცირე აღწერა საკვანძო სიტყვების გამოყენებით (ქივორდებით). აარჩიეთ კატეგორია. ეს SEO ოპტიმიზაციისთვის გამოგადგებათ. ატვირთეთ შესაბამისი ქოვერის ფოტო. 

  • დაამატეთ პირველი პინი.

მთავარ გვერდზე დააჭირეთ „+“გამოსახულების ღილაკს. დაამატეთ სათაური და აღწერა. არ დაგავიწყდეთ საკვანძო სიტყვების და ჰაშტაგების გამოყენება. დაამატეთ ბმული. დარწმუნდით რომ ის მუშაობს და შეესაბამება პინის კონტენტს.  ატვირთეთ ფოტო ან ვიდეო.

პინტერესტის რედაქტორის საშუალებით ფოტოს დარედაქტირება ან ლოგოს დამატებაც შეგიძლიათ. დარწმუნდით, რომ მასალა მაღალი ხარისხისაა. დააჭირეთ გამოქვეყნების ღილაკს და აირჩიეთ დაფა/ბორდი, სადაც გსურთ პინის დამატება.

9.დაამატეთ ქოვერის ფოტო თქვენს პროფილზე.

დააჭირეთ ფანქრის გამოსახულებიან ღილაკს. პინტერესტი ავტომატურად ავსებს მას თქვენი პინებითა და დაფებით. აარჩიეთ დაფა, რომელიც პირველი გამოჩნდება თქვენს ბიზნეს-ანგარიშზე.

10. დაამატეთ პინტერესტ თაგი.

თუ რეკლამების გაშვებას აპირებთ, ეს ფუნქცია უნდა გამოიყენოთ თქვენს საიტზე. ასე შეძლებთ დააკვირდეთ კონვერტაციებს და გაიგოთ, რას აკეთებენ პინტერესტიდან გადმოსული ადამიანები თქვენს გვერდზე.

პინტერესტის მართვა: 8 სტრატეგია

ეს რჩევები დაგეხმარებათ პინტერესტი თქვენს მარკეტინგულ სტრატეგიაში ჩართოთ.

  1. შექმენით მიმზიდველი კონტენტი.

პინერების 85% ვიზუალს მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე ტექსტს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ მხარეს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. თქვენი პინი ყველა ფრონტზე წარმატებული უნდა იყოს.

როგორია კარგი პინი?

  • ვერტიკალური: პინერების 85% მობილურით იყენებს აპლიკაციას. გამოიყენეთ 2:3 გაფართოების მაღალი ხარისხის ფოტოები.
  • დეტალური აღწერა: მიაწოდეთ მომხმარებელს მეტი ინფორმაცია ფოტოს შესახებ და გაუჩინეთ მათ სურვილი გაიგონ კიდევ უფრო მეტი.
  • ტექსტი ფოტოზე: შეგიძლიათ დაწეროთ სათაური, რომელიც პინსა და აღწერას პასუხობს.
  • ბრენდინგი: პინზე თქვენი ლოგო უნდა იყოს გამოსახული.
  • ამბავი: როდესაც მოიზიდავთ ადამიანებს, მათ თქვენი ბრენდი მოქმედებაში უნდა აჩვენოთ. ასე პინერები შეძლებენ საკუთარი თავი მომხმარებლის როლში წარმოიდგინონ.
  • გამოიყენეთ პინტერესტი ხშირად.

პინტერესტი გვირჩევს დღეში ერთხელ მაინც დავამატოთ რაიმე პინი. ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე დაფის ერთ დღეში შევსება. რეგულარული აქტივობის შედეგად თქვენ უფრო ფართო აუდიტორიას მიწვდებით.

პინტერესტზე შესაძლებელია პინების დაგეგმვაც. აუცილებლად აკონტროლეთ ანალიტიკა, რომ ნახოთ, თუ როგორ იქცევა თქვენი აუდიტორია.

  • წინასწარ დაგეგმეთ სეზონური კონტენტი.

პინერებს მოსწონთ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა. ამიტომ, თქვენ კიდევ უფრო ადრე უნდა დაიწყოთ დღესასწაულებისთვის მომზადება. პინტერესტი გვირჩევს სეზონური კონტენტის გამოქვეყნება 30-45 დღით ადრე დავიწყოთ.

არაა გასაკვირი, რომ სეზონური კონტენტი კარგად მუშაობს. პინტერესტის ინფორმაციით, ბიზნესები, რომლებიც კარგად იყენებენ პლატფორმას, ონლაინ გაყიდვებში მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ხედავენ.

პინტერესტი სეზონურ იდეებს გვთავაზობს. ამიტომ, აუცილებლად გადახედეთ ამ ინფორმაციას. აირჩიეთ რამდენიმე დღესასწაული, რომელიც შეიძლება თქვენი ბრენდისთვის მომგებიანი იყოს და დაგეგმეთ კონტენტი ამის მიხედვით.

  • გამოიყენეთ პინტერესტის დაფები აუდიტორიასთან დასაკავშირებლად.

მიეცით პინერებს რაიმე მიზეზი, რის გამოც თქვენი მიმდევარი უნდა გახდეს. მაგალითად, შექმენით პინების სერია სადაც მათ რაიმეს ასწავლით. ასევე, შეგიძლიათ ერთ დაფაში გააერთიანოთ პინები, სადაც ჩანს თუ როგორ იყენებნ მომხმარებლები თქვენს პროდუქტს.

მაგალითად, კოსმეტიკის ბრენდ Glossier-ს ცალ-ცალკე დაფები აქვს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებისთვის, თუმცა მისი ყველაზე პოპულარული დაფაა Beautychat. როგორც დაფის აღწერაში ვკითხულობთ, აქ სხვადასხვა ინფლუენსერებსა და ბრენდის პარტნიორებს შეუძლიათ პინების დამატება. მონაწილეობას თავისი წესები აქვს, ისევე, როგორც ლიმიტი დღიურ პინებზე. ჩართულობას ასეთი დაფა კარგად ზრდის – დაფას 700 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. 

  • გაითვალისწინეთ SEO ოპტიმიზაციის პრინციპები.

არ დაგავიწყდეთ, რომ პინტერესტი საძიებო სისტემაა. ამიტომ, ისევე როგორც სხვა სისტემებში, საკვანძო სიტყვები აქაც უდიდეს როლს თამაშობენ. ამიტომაა აუცილებელი, რომ სადაც შესაძლებელია, ყველგან გამოიყენოთ შესაბამისი ტერმინები. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჰაშტაგების გამოყენებაც, რადგან პინერებს შეუძლიათ კონკრეტული ჰაშტაგების მიმდევრები გახდნენ.

  • შექმენით კონტენტ-სტრატეგია.

პინერების აბსოლუტური უმრავლესობა (97%) არა-ბრენდულ კონტენტს ეძებს. ეს ნიშნავს, რომ პატარა ბრენდებს კარგი კონტენტითა და SEO სტრატეგიებით შეუძლიათ ღირსეული კონკურენცია გაუწიონ მძლავრ კომპანიებს.

პინტერესტი გვირჩევს შევქმნათ კონტენტ-სტრატეგია, რომლის მიზანიცაა ბრენდის ცნობადობის გაზრდა და პინერის მომხმარებლად გადაქცევა.

  • სწორად გამოიყენეთ რეკლამა.

პინტერესტი საშუალებას გვაძლევს რეკლამები საკვანძო სიტყვების,ინტერესების, დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით გავუშვათ.

ასევე, შეგვიძლია რეკლამა გავუშვათ შემდეგი ჯგუფებისთვის:

  • მომხმარებლები, რომლებიც უკვე არიან თქვენი ნიუსლეთერის გამომწერები;
  • ვებ-გვერდის ვიზიტორები;
  • ადამიანები, რომლებმაც თქვენი პინები დაამატეს თავიანთ დაფებზე;
  • ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან მსგავსი კონტენტით.
  • გაამარტივეთ შოპინგი პინერებისთვის.

პინერებს უყვართ შოპინგი. ამ პროცესის გამარტივების ერთი გზაა “Shop the look” ტიპის პინების გამოყენება. მაგალითად, თუ თქვენ სახლის დეკორატიულ ნივთებს ყიდით, პინზე კი ისინი ინტერიერში არიან გამოსახული, შეგიძლიათ დაამატოთ ღილაკი. მომხმარებელი ღილაკით პირდაპირ პროდუქტის გვერდზე გადავა და მარტივად შეძლებს მის ყიდვას, სურვილის შემთხვევაში.

ასევე, პინტერესტმა ახლახანს დაამატა ონლაინ მაღაზიის ფუნქცია ბიზნეს-ანგარიშებისთვის. მისი გამოყენებით მომხმარებელს პირდაპირ პროფილიდან შეუძლია ნივთების შეძენა.

მაგალითად, ამ ფუნქციას კარგად იყენებს Macy’s ონლაინ მაღაზია.

გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ხშირად ესტუმრებით ანალიტიკის გვერდს, მით უკეთესი იქნება თქვენი შედეგი. პინტერესტზე მუშაობისას აუცილებელია მუდმივად აკონტროლოთ მომხმარებლის ქცევა და შესაბამისად ცვალოთ თქვენი სტრატეგია.